ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერების პოპულარიზების მიზნით ახალი სამეცნიერო პლატფორმა შეიქმნა
- განათლება
- აპრილი 2, 2022
- 322
ქართველი მეცნიერების საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პოპულარიზაციას და მათი სამეცნიერო ნაშრომების ხილვადობის გაზრდას ემსახურება ახალი სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც „ერასმუს +“–ის მიერ დაფინანსებული პროექტის HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ — ფარგლებში შეიქმნა.
პორტალი საქართველოში აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს. პროექტს, რომელშიც
12 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უძღვება. პლატფორმა დაეხმარება უნივერსიტეტებს გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტში, კვლევის შედეგების დისემინაციის თვლადი ინდიკატორების (პუბლიკაციები, პატენტები, კონფერენციები და ა.შ.) დამუშავებაში.
პროექტის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი და პროექტში ჩართული მეცნიერები ესწრებოდნენ.
თსუ–ის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ქართველი მეცნიერებისთვის იქმნება ერთიანი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. „სამეცნიერო პორტალი ხელს შეუწყობს ჩვენი უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ეკოსისტემის სინქრონიზაციასა და თავსებადობას ევროპულ სისტემასთან, რითაც ჩვენი მეცნიერები მოიზიდავენ დაფინანსებას ევროპული წყაროებიდან და ჩაერთვებიან სხვადასხვა საგრანტო პროექტში. ამასთანავე, გაუმჯობესდება ქვეყნის შიგნით არსებული საგრანტო პროექტების შერჩევის მექანიზმები და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაემყარება ვალიდურ ინფორმაციას“, — აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, კვლევითი პლატფორმა ხელს შეუწყობს კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ღიაობა და მეცნიერების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ხილვადს გახდის ჩვენს მეცნიერებს, როგორც უცხოელი პარტნიორებისთვის, ისე ეროვნულ.
დონეზე, შესაბამისად, უკეთ იქნება გაზიარებული შედეგები, რომელიც საქართველოს სამეცნიერო კვლევით სივრცეში სრულდება“, — განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
თსუ–ის რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია სამი რეგიონული და ცხრა თბილისში არსებული ქართული უნივერსიტეტი. ასევე, პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია, DTU); კლერმონტ აუვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი, UCA); კოტ დაზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი, UCD). „პროექტში ჩართული უნივერსიტეტების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია. ჩვენი მიზანი, სამეცნიერო პორტალის შექმნასთან ერთად, მეცნიერების მართვაში ევროპელ პარტნიორებთან ცოდნის გაზიარება იყო. შედეგად, უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებს შორის ახალი იდეებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა. მეტიც, 2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტი ქართულ უნივერსიტეტებში სამეცნიერო დეპარტამენტებისა და სტრუქტურების გაძლიერების შესაძლებლობებს გვაძლევს“, — აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.
პროექტის HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ — პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა — EMIS); საქპატენტი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; კავკასიის უნივერსიტეტი; ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.